საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. თეა წულუკიანი ბელგიელ კოლეგა კოენ გინსს შეხვდა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა. თეა წულუკიანის განცხადებით, ასეთი შეხვედრების მნიშვნელობა რიგის სამიტის წინ ძალიან დიდია.
„საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა მიაწვდინოს ხმა ევროპულ ქვეყნებს და აუხსნას, შეახსენოს, რომ ჩვენ ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი მასშტაბური, მათ შორის, მტკივნეული რეფორმა განვახორციელეთ ქართველ ხალხთან ერთად; ერთადერთი მიზნით, რომ რიგის სამიტზე მოხდეს აღიარება ამ რეფორმებისა... ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება, ვიფიქროთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ რიგის სამიტის შემდეგ სავიზო რეჟიმი მოიხსნება საქართველოს მოქალაქეებისათვის“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. კონფერენციაში − „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელება: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“ − ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები იღებენ მონაწილეობას. დელეგატები ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროკომისიის პირველი ვიცეპრეზიდენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის მოხსენებებს ისმენენ და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც მიმართა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა:
„არ გვქონდა ადამიანის უფლებათა სტრატეგია და − გვაქვს; არ გვქონდა არასრულწლოვანთათვის სპეციალური კანონი და − მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვებისთვის უკვე შემუშავებულია; ის პირობა, რომელიც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა, დავდე, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ ათობით ათას საჩივარს წინა ხელისუფლების დროს მორიგებით დავასრულებდით, ეს პროცესიც შეფასებულია წარმატებულად“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნილს მუჟნიეკთან შეხვედრით დაასრულებს.