რუსი ოკუპანტების პასუხი - გაათავისუფლებენ თუ არა დუშეთის რაიონში დაკავებულ 16 ქართველს 19:00 საათზე გახდება ცნობილი.
ამ შედეგით დასრულდა დღეს, დუშეთის რაიონში, აღნიშნულთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა, რომელსაც ქართული, მარიონეტული, რუსული მხარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ქართული მხრიდან შეხვედრის მონაწილემ, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოტა უტიაშვილმა განუცხადა, დაკავებულები ამ დროისთვის ახალგორში იმყოფებიან.
"რუსმა ოკუპანტებმა 19:00 საათამდე ითხოვეს დრო, რათა გადაწყვეტილება მიიღონ გაათავისუფლებენ თუ არა დაკავებულ ქართველებს. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ამჟამად ახალგორში იმყოფებიან და ნორმალურ პირობებში", - განაცხადა უტიაშვილმა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ცეზარ ჩოჩელის განმარტებით კი, ოკუპანტები და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველების გასათავისუფლებლად არაფერს ითხოვენ.
მისივე ვარაუდით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ ქართველები დღესვე გაათავისუფლონ.
გარდა ამისა, როგორც ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპანტებმა ქართველთა მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეტის ფაქტი ვერ დაადასტურეს.