თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კოლელიშვილის სამაჟორიტარო ბიუროში ღია შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ დეპუტატის ინიციატივით გამართულ შეხვედრას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, გამგეობის წარმომადგენლები და ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრაზე, ზაზა კოლელიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს და მოსახლეობა, ნაძალადევის რაიონის განვითარების პროექტები გააცნო. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტები, ნაძალადევის რაიონს, უფრო საინტერესოს, მოწესრიგებულს და ინფრასტრუქტურულად განსხვავებულს გახდის.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სათამაშო და სპორტული მოედნების, ბაღებისა და სკვერების პროექტები, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.
წარმოდგენილ პროექტთაგან, განსაკუთრებით აღინიშნა დიდი მუნიციპალური სტადიონის მშენებლობის პროექტი, რომლის მსგავსიც თბილისში არ არის.
სტადიონი არსებული სპორტული მოედნებიდან, როგორც ვიზუალურად, ისე სტრუქტურული დატვირთვით განსხვავებული იქნება და იქ დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირები ჩატარდება.
„მე, როგორც სანზონის მაჟორიტარმა, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მონახაზები და იდეები არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად შევაჯერე. შემდეგ ეს ყველაფერი, ქალაქის ახალგაზრდობის და სპორტის სამსახურს და გამწვანების სამსახურს მივაწოდეთ.
გამგეობასთან ერთად, რამდენიმე სპორტული მოედნის, ბაღისა და სკვერის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე არსებული მოედნის კეთილმოწყობა. თითოეული პროექტი, მოსახლეობის თხოვნით და მათი ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი“, – განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ერთია, როდესაც გამგეობა აქტიურად მუშაობს რაიონის განვითარებაზე და მეორე, როდესაც ეს პროცესი, მაჟორიტარ დეპუტატთან აქტიურ კოორდინაციაში მიმდინარეობს.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ ზაზა კოლელიშვილის სამაჟორიტარო ოფისში წარმოდგენილი პრეზენტაცია ინოვაციური ხედვაა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნაძალადევის რაიონი და ეს მაგალითი თბილისის ყველა რაიონისათვის გადამდები უნდა გახდეს.
„წარმოდგენილი პრეზენტაცია ინოვაციური ხედვაა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნაძალადევის რაიონის სარეკრეაციო ზონები, რათა მოსახლეობამ მაქსიმალურად შეძლოს მისი გამოყენება.
წარმოდგენილი იყო, სტადიონის ძალიან საინტერესო პროექტი, იმიტომ, რომ როგორც თავად მაჟორიტარმა განმარტა, აქ ძალიან სპორტულად განწყობილი ახალგაზრდობა ცხოვრობს და ბუნებრივია, მათ, მაქსიმალურად ხელშეწყობა სჭირდებათ.
ის, რაც აქ ჩამოყალიბდება და გაკეთდება, თბილისის სხვა რაიონებისთვის გადამდები უნდა გახდეს. ხოლო ამ გზით სიარული ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ძალიან წაადგება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა და აღნიშნა, რომ თბილისს ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი ლანდშაფტი აქვს და მას თავისებურად ათვისება სჭირდება.