,,შსს ებრძვის იმ პოლიციელებს ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება რომ ებრძოლონ დანაშაულს არის უმთავრესი”, _ასე გამოეხმაურა ,,ნაცმოძრაობის” დეპუტატი გივი თარგამაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელის რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას.
მისივე განმარტებით, რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძრვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში.
"რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო.შშს-მ ამით დაადასტურა, რომ ყველა ინფორმაცია უკანონო კვეთებთან დაკავშირებით კანონიერი ქურდებისა არის სიმართლე და ნაცვლად იმისა რომ გამოიძიონ და დასაჯონ კანონის დამრღვევები ებრძვიან იმ პოლიციელებს ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება რომ ებრძოლონ დანაშაულს არის უმთავრესი"_აცხადებს თარგამაძე.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.
შსს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია.