ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა 18 მარტს გამართულ კენჭისყრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, რატიფიკაციის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე, სენატორებთან ერთად, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუბომირ ზაორალეკი, რომელმაც სენატს რატიფიკაციის პროცესისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლუბომირ ზაორალეკმა საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა და ქართული სახელმწიფოს ისტორიისა და კულტურის ასპექტებს შეეხო, რომელიც ევროპულ ფასეულობებთან თანხვედრაშია. ასევე, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს.
"აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პარლამენტი ორპალატიანია და ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებები ან კონსტიტუციური შესწორებები, ორივე პალატის თანხმობას მოითხოვს. მეორე, წარმომადგენლობით პალატაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რატიფიკაციის პროცესი. პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე მოსმენისთვის დოკუმენტი უკვე გადაეცა განსახილველად საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.