ჟენევის მოლაპარაკების პარალელურად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. უწყებაში აცხადებენ, რომ არაკონსტრუქციული ქმედების მიზანი საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატის დისკრედიტაცია და ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ჩაშლა იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ხელშეკრულება რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ყველა მთავარ საკითხთან, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით.