ნატო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას არ აღიარებს. ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ 18 მარტის ე.წ. შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას, რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება გამყარდეს, ხელს უშლის. მისივე სიტყვებით, აღნიშნული ხელშეკრულება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. "ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება შეცვალოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს" - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.