ორგანიზაცია "ივერია" საზოგადოებრივ მოძრაობად გარდაიქმნება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. "ივერიამ" საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საზოგადოება "ივერია" პოლიტიკურ აქტივობას გეგმავს, თუმცა ტერმინს, პოლიტიკურ პარტია არ გამოიყენებენ. მისივე თქმით, უკვე იქმნება რეგიონული ორგანიზაციები და "ივერია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„"ივერია" გარდაიქმნება საზოგადოებრივ მოძრაობად, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა იმის თაობაზე, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რა ღონისძიებები არის სასწრაფოდ გასატარებელი ყველა სფეროში იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარების ტემპებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, ჯგუფმა თავდაპირველად არსებობა დაიწყო როგორც დამოუკიდებელმა ინტერნეტგაზეთმა და ავტორიტეტიც მოიხვეჭა. მისივე თქმით, "ივერია" პოლიტიკური ჩარევისგან თავს იკავებდა. თუმცა ახლა ეს რეალობა შეიცვალა.
„სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.