17-19 მარტის ჩათვლით, თბილისში, NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის და სსიპ „დელტა“-ს თანაორგანიზებით NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართება, „რუმს ჰოტელ თბილისში“ (თბილისი. კოსტავას ქ. 14) 08.30 საათზე გაიხსნება. კომიტეტის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, ასევე რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას „დელტამ“ 2014 წლის 16 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ENSEC COE-ს პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით - საქართველოთი დაიწყო. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან ,,დელტა’’ ჩაერთო, რომელსაც ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციაში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, NATO-ს მხრიდან კი ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ENSEC COE-ს უფროსმა, გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.