"საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს,"-ასე შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი.
ნორლანდის თქმით, ამერიკის საელჩო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები",-განაცხადა ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის ანი ნადარეიშვილის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი" დაარბიეს. ,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით, ინციდენტის დროს 11 ადამიანი დაშავდა, აქედან პარტიაზე თავდასხმის დროს 5, ხოლო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის დროს 6 ადამიანი.
ნაცემია ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან კონჯარია.
დაშავებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
არსებული ინფორმაციით აქცია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაიწყო და ანი ნადარეიშვილის ცენტრთან გაგრძელდა, ზუგდიდის საკრებულოს თამჯდომარე, მერაბ თვარაია მართავდა.
,,რუსთავი-2”-ის ინფორმაციით აქციაში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, გუბერნატორის მოადგილე ლაშა გვასალია და ზუგდიდის საკრებულოს წევრები.