ხვალ, 16 მარტს, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დეპუტატები გიორგი ოჩიაურის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ეკატერინე ხერხეულიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ .
აღნიშნული საკითხების განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 14:00 საათზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ოჩიაურმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა საკუთარი სურვილით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვა. გიორგი ოჩიაური პარლამენტის უხუცესი წევრი და „ნაცმოძრაობის” დეპუტატია.
ხოლო ეკატერინე ხერხეულიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა რაც ,,ნაცმოძრაობის” წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახდა. მისი ადგილმონაცვლე პარტიულ სიაში სწორედ ეკატერინე ხერხეულიძეა.