თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატის, ქეთევან ჯოხაძის შუამდგომლობით დღეს რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, ასევე მრავალშვილიან მოქალაქეებს და პენსიონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. გამოკვლეული იქნა დაახლოებით 30 ადამიანი, რომელთაც ხელხემლისა და ძვალ–სახსროვანი სხვადასხვა სახის დაავადებები აწუხებთ. აქცია საქართველო – ისრაელის ერთობლივმა კლინიკამ „გინიმედი“ ჩაატარა.
ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ კვლევები უტარდებათ მათ, ვისაც ხელხემლის პრობლემები აქვს და მსგავს საქველმოქმედო აქციებს მაჟორიტარი მომავალშიც გააგრძელებს.
„მოგეხსენებათ, ნებისმიერი დაავადების სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია დროული ვიზიტი ექიმთან და დროული დიაგნოსტიკა. ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ექიმთან მისვლის საშუალება და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მუხიანის მოსახლეობისთვის ეს აქცია მოგვეწყო. აქ მოსულები არიან არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ პენსიონერები და მრავალშვილიანი მოქალაქეები“. – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
კლინიკა „გინიმედი“–ს სპეციალისტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, შალვა გაბადაძის თქმით, დღეს მოხდა იმ პაციენტების გასინჯვა, რომლებსაც აქვთ ხერხემლისა და სახსრების დაავადებები. კერძოდ, ოსტეოქონდროზი, ართრიტები, ართროზები.
„ჩვენ ვსინჯავთ ამ ადამიანებს, ვსვამთ დიაგნოზს და ვაძლევთ შესაბამის დანიშნულებას. თუ საჭირო გახდა უფრო მეტი ჩარევა, პაციენტებს უფრო დახვეწილი, სპეციალიზებული ტექნოლოგიების მეშვეობით ვიკვლევთ და ვიწყებთ მკურნალობას დიაგნოზის მიხედვით“, – აღნიშნა შალვა გაბადაძემ.
„გინიმედი“ საქართველო – ისრაელის ერთობლივი კლინიკაა, რომელიც ძირითადად ხერხემლის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე არის სპეციალიზებული.