5 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ტელერადიოცენტრში ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელში საცდელ გაშვებას დაესწრო და გაწეული სამუშაოები დაათვალიერა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს ტელერადიოცენტრის დირექტორი გიორგი დეკანოსიძე და ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ქუბინიძე.
დღეიდან ანალოგური და ციფრული ღია საეთერო სიგნალები პარალელურ რეჟიმში გავრცელდება თბილისის მასშტაბით, ეტაპობრივად კი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლიდან საქართველო ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რომელიც არის სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიანი პროექტი და მისი განხორციელება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამით საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს მედია-პლურალიზმს, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს მეტ მაუწყებელს მიეცემა საკუთარი სიგნალის გავრცელების საშუალება.
საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის თარიღად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. მანამდე კი გათვალისწინებულია პარალელური მაუწყებლობის სამთვიანი პერიოდი, რომელიც 17 მარტს უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, კანონით დადგენილ ვადაზე ორი კვირით ადრე, სწორედ სახელმწიფო მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით დაიწყო ე. წ. „სიმულკასტი.“