დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა, სადაც განიხილეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია იმ სამოქალაქო პირების - მოხალისეების ოჯახის წევრებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში, გავრცელდეს საქართველოს კანონებით დადგენილი შეღავათები და პრივილეგიები (კომპენსაციები, სოციალური დახმარება და ა.შ.)
წარმოდგენილ ინიციატივას ჯანდაცვისა და სოციალირ საკითხთა კომიტეტმა, რომელიც წამყვანი კომიტეტია ამ საკითხში, მხარი არ დაუჭირა და მიზანშეწოლილად არ მიიჩნია წარმოდგენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა.
„საქმე გვაქვს ისევ პოლიტიკურ სპეკულაციასთან, რაშიც სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ბიჭების სახელს იყენებენ და ცდილობენ ამ მგრძნობიარე თემით მოსახლეობა ჩვენს წინააღმდეგ განაწყონ.
ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის უზომოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თემაა. ჩვენ პატივს ვცემთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს. მაგრამ, გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება პირადი, აფექტური განწყობით. თითოეული ჩვენგანის მოსაზრება, მითუმეტეს დეპუტატის, უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოს ინტერესებიდან.
პირს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში იმ პირობით, თუ მის მონაწილეობას დათანხმდებიან იმ სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოები. ამ შემთხვევაში ურთიერთვალდებულება წარმოიქმნება ამ პირსა და იმ სხვა ქვეყანას შორის.
ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ იმ პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს მხრიდან საომარ ქმედებებში ან სამშვიდობო მისიებში ჩართულობის გადაწყვეტილების შედეგად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონით ვერ დავავალდებულებთ, კომპენსაცია ან სოციალური დახმარება გასცენ იმ პირებზე, რომლებიც საკუთარი ნებით და არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით იღებენ მონაწილეობას სხვა ქვეყნის საომარ ქმედებებში.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არა მარტო პოლიტიკური სპეკულაციაა, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.