საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი რატნა საჰაი საქართველოს, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, გატარებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ურჩევს. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ საჰაიმ განუცხადა.
~მოსახლეობისადმი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავს რეკომენდაციას და რჩევას ჩვენ ხშირად ვაძლევთ ქვეყნებს. ხშირად ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნაში ხელისუფლება და ცენტრაული ბანკი სწორ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს, თუმცა, ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას ვერ იღებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვებს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ მოსახლეობის მიერ არსებული ვითარების გაცნობიერება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური პოლიტიკა~, - განაცხადა რატნა საჰაიმ.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან მნიშველოვანია გონივრული ღონისძიებების განხორციელება და რეგულირებისა და საბანკო ზედამხდველობის დახვეწა და გამკაცრება.
იგი განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ასევე მთელს რეგიონში 2004-2007 წლებში კრედიტების ბუმი იყო. ამას კი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორისაა ანაბრების ზრდა, რისი ერთ-ერთი მიზეზი თავის მხრივ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები იყო. ამასთან, უცხოეთიდან თანხებს კომერციული ბანკებიც იღებდნენ. ეს თანხები შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში იყო, რომელიც პრობლემებს უკავშირდება რადგან ვალუტა უფასურდება ხოლმე. 2008 წლის შემდეგ კი, კრედიტების გაცემის ტემპი შენელდა.
~კრედიტის მოთხოვნა-მიწოდება შემცირდა, დაეცა ფასები და შესაბამისად ბიზნესსექტორი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, გაიზარდა ბანკებში პრობლემური სესხების მოცულობა და წარმოების დონე დაეცა. ეხლა წარმოების დონის ზრდა შეიმჩნევა, თუმცა, კრედიტბანდების დონე იმავე ტემით არ იმატებს. ამის მიზეზია ის რომ უცხოეთიდან გადმორიცხვები შემცირდა და დანაზოგებიც ვერ კეთდება. ამავე დროს, ბანკებიც ადრინდელის მსგავსად, დიდი მოცულობით ფინანსურ რესურსებს ვერ იღებენ~, - აღნიშნა რატნა საჰაი.
მისი თქმით, ვითარების გაუმჯობესების მიზნით, საჭიროა ბანკებში პრობლემური სესხების საკითხის დარეგიულირება, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივ ფულად ერთეულში კაპიტალური ბაზრების განვითარება, თუმცა ბაზარი უცხოურ ვალუტაშიც უნდა განვითარდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. დაკრედიტების გაზრის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გუშინ თბილისში ჩატარდა.