პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მის მეუღლეს სამეფო სასაფლაოზე აღარ დაასაფლავებენ.
გადაწყვეტილება წუხელ, 15 აპრილს, იქნა მიღებული. როგორც პოლონური მედია იტყობინება, ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის კრაკოვში, სტანისლავისა და ვაცლავის ტაძრის ეზოში დასაფლავება გადაწყდა.
გადაწყვეტილების მიზეზი მოსახლეობის პროტესტი გახდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის დაკრძალვის ადგილის დასაზუსტებლად სპეციალური თათბირი მოიწვია. მასში მონაწილეობა მარშალ იუზეფ პილსუდცკის შვილიშვილმა, კრაკოვის არქიეპისკოპოსმა და სხვა პირებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ თავიდან გადაწყვეტილი იყო პრეზიდენტ კაჩინსკის მარშალ პილსუცკის საფლავის გვერდით დასაფლავება, რამაც მისი ახლობლების აღშფოთება გამოიწვია, რადგან გადაწყვეტილება მათთან შეთანხმების გარეშე იქნა მიღებული.
ამასთან, რიგითი პოლონელების აზრით, პრეზიდენტი კრაკოვში, სადაც სამეფო სასაფლაო მდებარეობს არ უნდა დაესაფლავებინათ. მათი განცხადებით, ვაველი მეფეების განსასვენებელია, ხოლო ვარშავა პრეზიდენტების.
პრეზიდენტის კრაკოვში დაკრძავის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს წარმოადგენდა ის, რომ კაჩინსკი არ იყო არც ქვეყნის მეფე და არც ეროვნული გმირი, თავად გარდაცვალება კი, მათი აზრით, არ არის იმის საბაბი, რომ კაჩინსკი ქვეყნის ისტორიაში, როგორც მეფე ჩაიწეროს.
ამ აზრს იზიარებს ცნობილი პოლონელი რეჟისორი ანჟეი ვაიდაც. მისი განცხადებით, "პრეზიდენტი კაჩინსკი კეთილი და მოკრძალებული ადამიანი იყო, მაგრამ არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ იგი ვაველში, პოლონელ მეფეებს შორის და მარშალ პილსუდცკის გვერდით იქნას დასაფლავებული.
პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მის მეუღლეს კვირას 18 აპრილს დაკრძალავენ.