სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებას ჩამოცილებულმა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა თანამდებობა დატოვა.
განცხადება საკუთარი გადადგომის შესახებ მან დროებით მთავრობას ფაქსით გაუგზავნა. განცხადება რუსულ ენაზეა დაწერილი და ის A4 ფორმატის ორ ფურცელს მოიცავს.
"ვაცნობიერებ საკუთარ პასუხისმგებლობას ყირგიზი ხალხის წინაშე და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით კონსტიტუტიციის საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას", - აღნიშნულია ბაკიევის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის როზა ოტუნბაევას პრესსამსახურის განცხადებით, ბაკიევმა თავისი გადადგომის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აცნობა, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლებს.
თავის მხრივ, ეუთომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებითმა მთავრობამ და ბაკიევმა მიაღწიეს შეთანხმებას პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ. ეუთოს განცხადებით, მოლაპარაკებები ყაზახეთის, რუსეთისა და აშშ-ის ძალისხმევით გაიმართა, რომლის ხელშემწყობი ეუთო, გაერო და ევროკავშირი იყვნენ.