ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხზე დღეს რუს ოკუპანტებს შეხვდებიან.
შეხვედრა გრემისხევის მახლობლად 13:00 საათზეა დანიშნული და მას ქართული მხარის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
საერთაშორისო დამკვირვებლები რუს სამხედროებს განუმარტავენ, რომ ტერიტორია, საიდანაც ქართველების გატაცება მოხდა, სეპარატისტული ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება.
შეხვედრაზე, სავარაუდოდ, გატაცებულების გათავისუფლების საკითხი გადაწყდება. დაკავებულები ამ დრომდე ახალგორის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან. გრემისხევის მოსახლეობა კი ამ წუთებში მცხეთა-მთიანთის გუბერნატორს ხვდება და დაკავებულების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა, რომ ოკუპანტებმა ისინი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს თექვსმეტი მოქალაქე ოკუპანტებმა 26 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როდესაც საკუთარ სოფელში, ტყეში შეშის მოსაჭრელად შევიდნენ.