ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გასააქტიურებლად აპრილიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარებას გეგმავს.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 10 პროცენტამდე გაიზრდება, რაც ლარის ფულადი ბაზრის განვითარებასა და ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის წახალისებას ისახავს მიზნად. დამატებით დარეზერვებულ თანხაზე კი, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს პოლიტიკის განაკვეთს დაარიცხავს.
ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკი გარანტირებული რეფინანსირების ინსტრუმენტს ცვლადი საპროცენტო განაკვეთით აამოქმედებს. ამის მიზანი კი, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისება და მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტურობის ზრდაა. ამასთან, გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნული ინსტრუმენტის გირაოს ბაზის გაფართოვებისთვის; რეფინანსირების სესხების ინსტრუმენტებისთვის ~ბლუმბერგის~ სისტემა იქნება გამოყენებილი; 29 აპრილიდან კი, ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიან სესხებსა და ერთდღიან დეპოზიტებს გაააქტიურებს, რაც ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მერყეობას შეამცირებს.
გარდა ამისა, სარეზერვო მოთხოვნებში ცვლილებები არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრების დარეზერვებას ითვალისწინებს, რადგან საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრები, ადგილობრივ ბაზარზე მოზიდულ სახსრებთან თანაბარ პირობებში ჩადგეს. ცვლილება ძალაში სექტემბრიდან შევა, მისი მიზანი საბანკო სისტემაში ლარიზაციის ხელშეწყობაა.
ეროვნული ბანკის მონატერული პოლოტიკის კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 5 პროცენტზე შენარჩუნდა.