საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიაში კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკობს. განცხადება საგზაო სამუშაოებისთვის საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულების გაფორმება იმ ფირმებთან, რომელთა მფლობელებიც „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულები არიან. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგელები აცხადებენ, რომ ასეთი ხელშეკრულებების გაფორმებისას იკვეთება დანაშაულის ნიშნები და თანამდებობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.
„ნოემბრის დასაწყისში კომპანია „დაგთან" პირადად დავით ნარმანიას თხოვნით გაფორმებულია ხელშეკრულება და ასევე კომპანია „ცეკურთან," რომლის დამფუძნებელიც არის უმრავლესობის წევრი სერგო ხაბულიანი. ხელშეკრულებები გაფორმდა, ჯამურად, 4 მილიონის საგზაო სამუშაოებზე. დღეს ირკვევა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ერთ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, სამი თვის განმავლობაშიც კი სამუშაოები დასრულებული არ არის. ამ პერიოდში ტენდერის ჩატარება არაერთხელ მოესწრებოდა," - განაცხადა აბესაძემ.