ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მიმართ იმდენად აგრესიული იქნება, რამდენადაც ამის საშუალებას მას საერთაშორისო თანამეგობრობა მისცემს. ამის შესახებ ხუხაშვილმა "რია ნოვოსტის" ოფისში გამართული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას განაცხადა.
გარდა ამისა, ექსპერტის აზრით, რუსეთის "აფეთქება" საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზედაცაა დამოკიდებული.
"არ არის გამორიცხული, რუსეთის აგრესიის ინიციატორი თავად საქართველოს ხელისუფლება იყოს, როგორც ეს აგვისტოს ომის დროს მოხდა", - განმარტა ხუხაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტი საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესის შესაძლო დაკარგვასაც პროგნოზირებს.
"რაც მეტი დრო გავა, მით უფრო შეიძლება დასავლეთმა დაკარგოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისადმი, არამედ ქვეყნისადმი ინტერესი. მაგრამ თუ მოვლენები ფორსირებულად განვითარდა, გვაქვს შანსი, გლობალური შეთანხმების ნაწილი გავხდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ გავლენის გადანაწილების საგანი ვიქნებით", - განმარტა ხუხაშვილმა.