„იბერია სთილი"-მ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაფინანსება თიბისი ბანკისგან მიიღო
მეწარმეობის განვითარების სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, „იბერია სთილი"-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც სამშენებლო მასალების წარმოება წარმოადგენს.
კომპანიაზე „იბერია სთილი" 1 500 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო „თიბისი" ბანკმა, ხოლო საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას.
შპს „იბერია სთილი" მიღებული თანხით გეგმავს წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შეძენას. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს მათ შორის სამშენებლო არმატურას, გასწორებულ გლინულას, შველერს. ჯამური ინვესტიცია 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.
შპს „იბერია სტილი"-ს საწარმო ქ. რუსთავში გაიხსნება და საქმიანობის შედეგად საწყის ეტაპზე დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საწარმო 2015 წლის ნოემბერში სრულიად ამუშავდება და კონკურენტების წინაშე მობილურობის (შედარებით პატარა პარტიებზე და ფართო ასორტამენტზე ორიენტაცია) უპირატესობით ისარგებლებს. წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანის ბაზრებზე. სამომავლოდ დაგეგმილია წარმოების შემდგომი გაფართოება.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 67 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება.
პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 104, 900, 000 აშშ დოლარია.
პროგრამის ბენეფიციარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ის ნაცვალდ მოხდება სესხის უზრუნველყოფის ძირითადი საგნის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფინანსებს ახალი საწარმოს დასაარსებლად თუ არსებულის გასაფართოვებლად. რეალურად„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური ხელმისაწვდომობის კომპონენტი კიდევ უფრო მეტ მეწარმეს უხსნის გზას სესხის ასაღებად და ფაქტიურად უგვარებს ერთ- ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებას, კერძოდ სესხის უზრუნველყოფის საკითხს.
2014 წლის დეკემბერში პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ასევე დაემატა სალიზინგო მომსახურებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე 3 კომპანიას უწევს სალიზინგო მომსახურების თანადაფინანსებას. მაქსიმალური პროცენტი რაც შეიძლება სალიზინგო კომპანიამ მოითხოვოს მომსახურებისათვის 15%-ს შეადგენს. საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12-15%-მდე მერყეობს, საიდანაც პირველი 2 წლის განმავლობაში 12%-ს აწარმოე საქართველოში ჩართულ ბენეფიციარებს სახელმწიფო დაუფინანსებს.