დღეს, საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრები ეწვივნენ. პირველი შეხვედრა მათ პარლამენტის თბილისის სასახლეში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციიაზე ისაუბრეს. რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გამახვილდა. შეხვედრაზე მხარეებმა რიგის სამიტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, მისი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
„ჩვენ შევხვდით ლიტვის სეიმიდან ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს - ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერს. მათ აქვთ პროექტი, თუ როგორ უნდა დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რათა ისინი ევროპულ განზომილებებს და ევროპულ სტრუქტურებს დაუახლოვდნენ. შედგა კონსტრუქციული, ღია საუბარი. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ დიალოგს, " - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თედო ჯაფარიძემ.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრეს. „მათი გზავნილი ასეთია: მოახერხეთ შინაგანი კონსოლიდაცია და გვითხარით ჩვენ როგორ და რით დაგეხმაროთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით დარჩიაშვილმა.
დელეგაციის წევერბი შეხვედრებს გამართავენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე, უმცირესობის წარმომადგენლებთან. „დღესვე, სტუმრები ჩემს კოლეგებს შეხვდებიან, რის შემდგომაც გვექნება თანამშრომლობის პროექტი, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ლიტვა საქართველოს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.