გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო. 119 მსმენელი 12 კვირის განმავლობაში გადამზადებას ორ ფაზად გაივლის. სწავლების პირველი ნაწილი ინსტრუქტორულ საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებს. კურსის მეორე ნაწილი კი სამეთაურო მომზადებასა და ათეულის დონეზე საბრძოლო ვარჯიშებს დაეთმობა.
ახალი კურსის დაწყება მსმენელებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა. გენერალ-მაიორმა კურსანტებს კარიერული წინსვლა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.
ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსის პარალელურად სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. 32 მსმენელი 17 კვირის განმავლობაში ქვედანაყოფის მართვის და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ასევე ტაქტიკურ და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას შეისწავლის.
მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს. კურსების დასრულების შემდგომ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.