მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი, ციურიხის ბეთანიენის და ჰირსლანდენის კლინიკების ექიმი-ნეიოქირურგი ევალდას ჩესნულისი, ექიმის რანგში ოკუპირებულ აფხაზეთში პირველად 2007 წელს, ვლადისლავ არძინბას მოწვევით ჩავიდა.
მანამდე, როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული, თუმცა ის დრო ნაკლებად ახსოვს.
ამის შესახებ ჩესნულისმა აფხაზ ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.
,,2007 წელს, როცა აფხაზეთში ჩამოვედი, აქ ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მეც დამენანა ასეთი ლამაზი ქვეყანა, რომელსაც ომის კვალი მძიმედ ეტყობოდა.
იმ დროისთვის ვლადისლავ გრიგორის ძეც ძალიან მძიმედ იყო ავად, მას გადაადგილება და მეტყველებაც უჭირდა, მაგრამ ბრძნულ გამოხედვა და ნათელი გონება მაინც შენარჩუნებული ჰქონდა. ჩემთვის ის როგორც პიროვნება, ძალიან საინტერესო იყო." - ამბობს ცნობილი ნეიროქირურგი.
შემდეგ იხსენებს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველ ვიზიტს, რომელმაც შოკში ჩააგდო.
მისი თქმით, დღეს აფხაზეთის მედიცინა მსოფლიო მედიცინას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, უპირველეს ყოვლისა, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით. ამიტომ, ჯანდაცვის განვითარების საერთო დონეზე საუბარი ზედმეტია.
,,მახსოვს, პირველად რომ მივედი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კედლებს ნატყვიარები ეტყობოდა. დიაგნოსტიკური ბაზა კი 1950-ან წლებში წარმოებული რენტგენის სამი აპარატისგან შედგებოდა.
ამის შემდეგ ნეიროქირურგიის განყოფილებას მე ვაჩუქე ოპერაციებისთვის საჭირო ინსტრუმენტები. მადლობა ღმერთს, უკვე ყოველწლიურად უკეთესობისკენ იცვლება ვითარება." - აცხადებს ევალდას ჩესნულისი.
მისი თქმით, აფხაზებს ჰყავთ ახალგაზრდა, ნიჭიერი და განათლებული ნეიროქირურგები, მაგრამ მათ გამოცდილება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა აკლიათ.
ამიტომ, ჩესნულისი აცხადებს, რომ მზადაა, ციურიხში, თავის ნეიროქირურგიულ ცენტრში აფხაზი ნეიროქირურგები მიიწვიოს, რათა მათ ერთი ან ორი წლით შესაბამისი პრაქტიკა გაიარონ.
მასალის გამოყენების პირობები