პასპორტიზაციის პრობლემების განსახილველად ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო კომისიის წევრი ასლან კობახია, ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა და გენერალური პროკურორი ალექსი ლომიაც ესწრებოდნენ.
კობახიას თქმით, წლების განმავლობაში ,,პასპორტიზაციის" საკითხი უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა.
,,ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პასპორტებთან დაკავშირებით უკანონობა ხდებოდა. ყველამ ვიცოდით, რომ პასპორტები იყიდებოდა. ხალხმა ეს იცოდა, სამაგიეროდ არ იცოდა პროკურატურამ, შსს-მ და ქვეყნის ხელისუფლებამ." - განაცხადა კობახიამ.
პასპორტიზაციის თემის განხილვისას, მეტი ყურადღება დაეთმო ქართველი ეროვნების მოქალაქეებზე გაცემულ პასპორტებს, რომელთა კანონიერებასაც ოკუპირებულ აფხაზეთში ეჭვის ქვეშ აყენებენ.
ასლან კობახიას განცხადებით, ეჭვს იმ ადამიანების საბუთები იწვევს, რომელშიც არ არის მითითებული, ცხოვრობდა თუ არა კონკრეტული ადამიანი 2004-05 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე და ვისზეც არ არის ცნობები, ჰქონდა თუ არა მას საქართველოს მოქალაქის პასპორტიც.
სოხუმის პროკურორის ალისა ბიგვავას განცხადებით, 2006 წლიდან 2014 წლამდე ე. წ. აფხაზეთის მოქალაქის 50 513 პასპორტია გაცემული. აქედან სოხუმის რაიონში შემოწმებულია მხოლოდ 3842 პასპორტი. შემოწმებულთაგან 2126 ქართველს ეკუთვნის.
დამატებით შემოწმებაზე 671 პასპორტია გადაგზავნილი.
მისივე ცნობით, 2010 წლიდან დღემდე სოხუმში ქართული ეროვნების მოქალაქეებზე 561 ე. წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტია გაცემული.
,,მათგან 12 პირს საქართველოს მოქალაქის პასპორტიც აღმოაჩნდა, ხოლო 41 მოქალაქეზე დამატებითი მოკვლევა მიმდინარეობს." - აღნიშნა ბიგვავამ.
სოხუმის პროკურორის თქმით, აქცენტი უპირველესად ქართველი ეროვნების პირებზე კი კეთდება, მაგრამ შემოწმებას ყველა ეროვნების ადამიანი ერთნაირად დაექვემდებარება და ყველას მიმართ ერთნაირი ზომა იქნება გამოყენებული.
სხდომის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, პასპორტების გაცემის მართებულობა და საბუთების შემოწმება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულდეს.