ტერორისტებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე სოფელს გრადის ტიპის რაკეტები ესროლეს, რის შედეგადაც ორი ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი მოსკალი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
,,წუხელ, ბოევიკებმა სოფელი კრიმსკი გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. რამდენიმე ქუჩაზე დაინგრა და დაზიანდა სახლები. სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლიც. დაღუპულია ორი მამაკაცი, რომლებიც დაბომბვის დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ და სამალავში დამალვა ვერ მოასწრეს" - წერს ის.
მის თქმით, კრიმსკში კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც ამ დროისთვის ჰოსპიტალში მკურნალობენ.
მოსკალი აღნიშნავს, რომ კრიმსკის მოსახლეობა უკვე ერთი თვეა გაზის, შუქისა და წყლის გარეშეა დარჩენილი და მათი აღდგენა, გამუდმებული სროლების გამო, უახლოეს პერიოდშიც ვერ მოხერხდება.
,,ძლიერი საარტილერიო სროლის ქვეშ მოჰყვა სოფელი ნოვოტოშკოვკაც. წუხელ რამდენიმე ჭურვი კუიბიშევის ქუჩაზე აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე მოსახლე მძიმედ დაიჭრა. მათ შორის არიან ქალებიც." -აცხადებს ლუგანსკის მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები