პროექტ ,,მთიანი აფხაზეთი - წელიწადის დროების" პირველი ექსპედიცია ოკუპირებულ აფხაზეთში სტარტს 5 თებერვალს აიღებს.
ამ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში აფხაზეთის მაღალმთიანეთში რამდენიმე ექსპედიციაა დაგეგმილი, რომლის მიზანიც აფხაზეთის ბუნების ფართო მასებისთვის გაცნობა და სამთო და ეკოტურიზმის განვითარება და პოპულარიზაციაა.
პროექტის ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, საბჭოთა კავშირის დროს პოპულარული მარშრუტებიც აღადგინონ და ახალიც დაამატონ.
პროექტის ფარგლებში შედის წელიწადის ოთხივე დროს აფხაზეთის მთიან რაიონებში საფეხმავლო, საცხენოსნო და საავტომობილო ექსპედიციის მოწყობა.
ძნელადმისადგომ ადგილებში, სადაც ზამთრობით თოვლის საფარი 6 მეტრამდე აღწევს, ჯგუფს შვეულმფრენები დაეხმარებიან.
პროექტში მონაწილეობას მეცნიერები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და კინემატოგრაფები მიიღებენ, რომლებიც აფხაზეთის ბუნების ღირსშესანიშნაობებზე უნიკალური ფოტო და ვიდეობაზის შექმნას აპირებენ. მათ გეგმაში შედის ასევე ტელეგადაცემების, ვიდეოდღიურების და დოკუმენტური ფილმის გადაღებაც.
რუსულ-აფხაზურ პროექტს, ,,მთიანი აფხაზეთი - წელიწადის დროები" საფუძვლად ახალგაზრდა აფხაზი გეოგრაფის თენგიზ თარბას მიერ დაარსებული პროექტი, ,,მთიანი აფხაზეთი" დაედო, რომლის ფარგლებშიც ოთხი წლის განმავლობაში მან და მისმა ჯგუფმა 32 ექსპედიცია განახორციელა.
ახალ პროექტსაც თარბა და მისი თანამოაზრეები უდგანან სათავეში.
ექსპედიციის დაწყებას პირდაპირი ეთერით რუსეთის, დნესტრისპირეთის და ოკუპირებული აფხაზეთის სხვადსხვა ტელეარხი გააშუქებს.
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საინფორმაციო პარტნიორების მეშვეობით ექსპედიციას მილიონობით ტელემაყურებელი გაეცნობა." - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თენგიზ თარბამ.
მასალის გამოყენების პირობები