ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის გენადი გაგულიას თქმით, საერთაშორისო გამოფენებში აფხაზეთის დელეგაციის მონაწილეობა მისი აღიარების გზაზე ერთ-ერთი საჭირო ელემენტია.
,,საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში ჩვენი მონაწილეობა იყო არა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, არამედ აფხაზეთის დებიუტი და როცა დღეს საზოგადოებაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ფინანსური პრობლემებია და რა საჭიროა რაღაც გამოფენებზე სიარული და თანხის ხარჯვა, მე მაგონდება 20 წლის წინანდელი დრო. მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ესმოდათ, რისთვის უნდოდა აფხაზეთს თავისუფლება და აღიარება, რამაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. " - განაცხადა გაგულიამ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბერლინსა და სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში აფხაზური მხარის მონაწილეობით უკმაყოფილო ქართული დელეგაციაც დარჩა, რომელმაც გამოფენების ორგანოზატორებთან ეს ფაქტი გააპროტესტეს და მათთვის ხელის შეშლას ყველანაირად შეეცადნენ.
გაგულიას თქმით, აფხაზები ქართული მხარისგან ,,მსგავს საქციელს" მიჩვეულები არიან და მოსალოდნელ შედეგებს ამჯერადაც მომზადებულები დახვდნენ.
,,როცა სტამბულის გამოფენის ორგანიზატორებმა ჩვენი კუთხის გაუქმება გადაწყვიტეს, ჩვენი პროსუქცია სხვა ტურისტული ფირმის შემადგენლობაში წარვადგინეთ."- განაცხადა გენადი გაგულიამ.
რაც შეეხება ბერლინის ,,მწვანე კვირეულის" საერთაშორისო გამოფენას, რომელიც 16-25 იანვარს ჩატარდა, ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის თქმით, ვიდრე ქართული მხარის ჩარევის შემდეგ ორგანიზატორები გამოფენიდან მოხსნიდნენ, დახლზე წარმოდგენილი ჰქონდათ შებოლილი სულგუნი, ლორი, ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, ხურმის ჩირი, აჯიკა, და ,,თავიანთი პროდუქტებით" მრავალი მნახველი მიიზიდეს და დააინტერესეს.
,,არ ვიცი, მომავალში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ,,მწვანე კვირეულში," მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საძირკველი უკვე ჩავყარეთ." - აღნიშნა გაგულიამ.
მასალის გამოყენების პირობები