ოკუპირებული აფხაზეთის კულტურისა და იტორიული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრის მოადგილე ბათალ კობახია მოსკოვში ნაპოვნ ქართულ ხატებზე აცხადებს, რომ მალე ორივე მათგანი აფხაზეთში დაბრუნდება.
ქართული მხარის მიერ ატეხილი ხმაურს და მტკიცებას, რომ ისინი ქართული ეკლესიის საკუთრებაა, კობახია უაზრობად მიიჩნევს.
,,იმას, რომ ხატებზე ქართული წარწერებია, არავინ უარყოფს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს კუთვნილებაა. შეიძლება ამ საკითხზე დისკუსია წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მე გეტყვით ერთს, ალბათ ეს ერთადერთი რელიქვიაა, რომელსაც ქართული წარწერა აქვს და რომელსაც კავშირი აქვს აფხაზეთთან. მრავალი ჩვენი ფასეულობა, მაგალითად კულტურული მემკვიდრეობის ისეთი უძველესი და უძვირფასესი ნიმუში, როგორიცაა ბიჭვინთის მოზაიკა და ბედიის თასი აქამდე არ დაუბრუნებიათ აფხაზეთისთვის." - განაცხადა კობახიამ.
შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის და მთავარანგელოზებს შორის მდგარი ერთ-ერთი თავადი დადიანის ხატები, მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის, ივანე შერვაშიძის ნივთებში აღმოაჩინეს. 68 წლის ქართველმა ივანე შერვაშიძემ 2014 წლის 16 დეკემბერს თავი მოსკოვის ცენტრში მდებარე სასტუმრო ,,ნაციონალის" დერეფანში მოიკლა. თვითმკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ მისმა რუსმა მეგობარმა სერგეი აკსიუტჩეკმა ივანე შერვაშიძის ნივთებში ორი ხატი და წერილი იპოვა. წერილში წერია, რომ ხატები 90-ან წლებში, საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთიადნ იყო მოპარული, შერვაშიძემ ისინი გამოისყიდა და უნდოდა სოხუმში დაებრუნებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ, ამ სურვილის შესრულებას მეგობარს სთხოვდა. სავარაუდოდ, ხატები ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლსეიიდან არის გატანილი. ,,შეიძლება ეს ხატები არც ისე ძველი და ძვირფასია, მაგრამ ჩვენი ისტორიისთვის მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. მალე შევძლებთ გავარკვიოთ, რა პირობებში მოხდა მათი გატანა აფხაზეთიდან, მაგრამ მანამდე ისინი აფხაზეთს უნდა დაუბრუნდეს." - აღნიშნა ბათალ კობახიამ.