დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ სალბერი ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი დაესწრო.
გერმანელ დიპლომატთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მიმდინარე აქტუალური საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.
მინდია ჯანელიძემ საუბრისას ყურადღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას.
ჰერბერტ სალბერმა აღნიშნულ თანამდებობაზე ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლეფორი შეცვალა. ის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს 2014 წლის ივნისიდან იკავებს.