საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ IV მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულეს. მათ მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, IV მექანიზირებული ბრიგადისა და საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.
საწვრთნელი ბაზის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის "ჩარლი" ასეულის მონახულება გახლდათ. აღნიშნული ასეული ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სწავლებას გადის, რის შემდეგაც ის პირველ ასეულს შეუერთდება, როგორც ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) ძალების კომპონენტი. მინდია ჯანელიძემ ნორიოს საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერა, არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა პირობებს, ასევე, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. მან სწავლების პროცესი და ბაზის ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასა.