თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის ინიციატივით, თბილისში არსებული საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მუშა შეხვედრები გრძელდება.
გოჩა ბაბუნაშვილი და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი, ფრაქცია ,,დემოკრატიული მოძრაობის'' წარმომადგენელი შალვა ოგბაიძე დღეს თბილისის საკრებულოში ფრანგული კომპანია ,,სისტრა"-ს პროექტების მენეჯერ ჟან - მანუელ გიელსა და შპს ,,სპექტრუმის'' ტრანსპორტის ექსპერტს გიორგი გიგაურს შეხვდნენ.
როგორც გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, ფრანგულ კომპანიას ეთხოვა შეიმუშაოს ახალი დასკვნა, რომელიც დედაქალაქში არსებული საცობების, პარკინგის, სამარშუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების ახალ მარშრუტსა და მარეგულირებელი ნიშნების მოწესრიგებას ეხება.
საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მომავალ შეხვედრებში უკვე აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები.
,, ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრობლობთ აღნიშნულ კომპანიასთან და დეტალურად გავდივართ იმ საკითხებს, რომლებიც ტრანსპორტის ურბანულ დაგეგმარებას ეხება.
,,სისტრას" დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა და წლის ბოლომდე უკვე დაიდება სერიოზული დოკუმენტი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ურბანული დაგეგმარების კომისიაში მოწეყობა განხილვა და დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მერიის შესაბამის სამსახურებზე გაიცემა რეკომენდაციები",- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
ფრანგული კომპანია ,,სისტრა"-ს წარმომადგენელმა ჟან - მანუელ გიელმა და შპს ,,სპექტრუმის'' ტრანსპორტის ექსპერტმა გიორგი გიგაურმა საკრებულოს დეპუტატებისგან დედაქალაქში საცობების თემის გარშემო არსებული პრობლემები და შეხედულებები მოისმინეს.
როგორც ჟან - მანუელ გიელმა აღნიშნა, კვლევა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, სატრანსპორტო პროგრამის საშუალებით მოხდება მიღებული შედეგების გაანალიზება.
,,ჩვენ სატრანსპორტო მოდელს განვაახლებთ ახალი გზებით და ახალი მარშრუტებით. სირთულეები საწყის ეტაპზე გამოაშკარავდება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო დეტალურად გავაანალიზოთ პრობლემების მოგვარება. წლის ბოლოს კი უკვე რეალურად იქნება შესაძლებელი შეიქმნას ერთიანი ურბანული სატრანსპორტო გეგმა",- განაცხადა ჟან - მანუელ გიელმა.