საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ იმყოფება. დღეს, გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. მხარეებმა ის შესაძლებლობები, ვალდებულებები და არსებული რესურსები განიხილეს, რაც პაკეტის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განხილულ თემებზე მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. ვისაუბრეთ ზოგადად ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომლის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. ჩვენი აპარატი მუშაობს ნატოს შტაბ-ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და დამთავრდეს სამოქმედო გეგმის კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა. განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო მეტად ნათელი წარმოდგენა გვექნება მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში მინისტერიალი ჩატარდება. ასე რომ, ნატოსთან ურთიერთობები დინამიურად, წარმატებულად ვითარდება, რამდენადაც უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი დაწყებულია. ამ რეჟიმში აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტული პოზიტიური შედეგები დაინახოს და რაც მთავარია, ეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე აისახოს" - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯანელიძესთან და მის გუნდთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. საქართველოში ჩემი ვიზიტის ფარგლებში ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მთავარი მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს წამყვანი როლი ენიჭება. განვიხილეთ მრჩეველთა ძირითადი გუნდის ჩამოყალიბების პროგრესი, რომელიც რამდენიმე თვეში შეიკრიბება და გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრის დეტალებზე დაიწყებს მუშაობას - პირველ რიგში განისაზღვრება არა მხოლოდ ცენტრის ადგილმდებარეობა, არამედ მისი ამოცანები, მისია და მიზანი, თუ როგორ უნდა გახდეს ძალიან ეფექტური, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგნელებიც მომზადდებიან. არსებითი პაკეტი ნატოს მხრიდან საქართველოსთან პარტნიორობის დემონსტრირებაა, რომელიც საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების მომზადებასა და მიღწევაში დაეხმარება. როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, არსებითი პაკეტი, ასევე ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა ის ელემენტებია, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაში დაეხმარება" - განაცხადა ალექსანდრე ვერშბოუმ.
ხვალ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ვაზიანის პოლიგონზე, საქართველოს სახმელეთო ძალების საჩვენებელ სწავლებას დაესწრება. ალექსანდრე ვერშბოუ IV მექანიზირებულ ბრიგადასაც ესტუმრება და ერთობლივი წვრთნების ჩასატარებლად საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებს შეაფასებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.