პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ ადამიანებს მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 თებერვლამდე წარმოადგინონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების სია.
,, საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს, იმ ხალხს ვინც არის კომპეტენტური ამ სფეროში ვთხოვთ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიაანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით", _განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების სიაზე შემდგომ უკვე იმსჯელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასრებული კომპეტენტური კომისია და შედეგებს საზოგადოებას გაუზიარებს.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ საკითხში ასეთი ტიპის გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია იმ ფონზე როცა ასამაღლებელია სასამართლოს ნდობის ხარისხი.
,, პროცესში საზოგადოების ჩართულობა განაპირობებს იმ რეფორმებს და იმ რეფორმებისადმი ნდობას, რომელიც სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს", _განმარტა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება თებერვალში ეწურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.