ირლანდიის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ქვედა პალატამ (Dáil Éireann) ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამავე სხდომაზე რატიფიცირებულ იქნა ასოცირების შეთანხმებები უკრაინასა და მოლდოვასთან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს ირლანდია მე-12 ქვეყანაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 27 ივნისს მოაწერა. ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.
ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში).
მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში. ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.
მასალის გამოყენების პირობები