საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ისპაჰანის პროვინციას ეწვია და შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან გამართა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დელეგაცია დიდი საქართველოდან პატარა საქართველოში დიდ ქართველებთან შესახვედრად ჩამოვიდა.
„თქვენ აქ ყველა ქართველისთვის სანუკვარი სიტყვებით დაგვხვდით, „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა". ეს სიტყვებია ამოქარგული დღეს ამ დარბაზში. ჩვენი სათქმელია - მარად და ყველგან ქართველებო ჩვენ ვართ თქვენთანა. და მე ამას მოგახსენებთ ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს სახელით. დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან ყველა ქართველთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისტორიული წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე საუკუნე ფერეიდნელი ქართველების პირველი სამშობლო მძიმე დღეში იყო, მაგრამ დღეს სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველო გადარჩა და თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო მყარად დგას ფეხზე.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ირანის ხელისუფლებას, იმისთვის რომ ადგილობრივ ქართველებს საშუალება მისცა შეენარჩუნებინათ ქართული ენა და კულტურა და იქვე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ სხვა ადგილზე ბევრმა ქართველმა ვერ შეძლო თავისი იდენტობის და ფესვების შენარჩუნება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მსოფლიოში და რეგიონის სამეზობლოში რთული ვითარებაა და ასეთ დროს ქვეყნის ხელისუფლებებს განსაკუთრებით ბრძნული პოლიკიტის გატარება მოეთხოვება, რაც მეგობრების მოძებნას გულისხმობს და არა მტრებისას.
„დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ირანი მოაგვარებს ყველა იმ საკითხს, რაც საერთაშორისო ასპარეზზე მოსაგვარებელია და გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაჩნდება ყველასთვის, მათ შორის საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობების გაღრმავების. მე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი ძმობა, ნათესაობა, ერთობა, იმაშიც უნდა გამოიხატოს, რომ უკეთე ვიცხოვროთ, თითოეულმა თქვენგანმა უკეთესი ცხოვრება შეძლოს, თქვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღოს, მოამვლისკენ გავიხედოთ და წარსულში რაც იყო სიძნელეები ერთად დავძლიოთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ქართველების საქართველოში ტურისტებად ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, რათა ფერეიდნელ ქართველებს საშუალება მიეცეთ ადგილზე მოინახულონ ის ადგილები და სოფლები, რომელთა დასახელებებიც ირანში დღემდეა შენარჩუნებული.
მასალის გამოყენების პირობები