ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუს ბრიუსელში „მოამბესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ელოდება საქართველოში ვიზიტს, რადგან ეს არის კარგი საშუალება შეფასდეს ის პროგრესი რომელმაც საქართველომ ნატოსთან დაახლოვების გზაზე მიაღწია.
,,ველოდები საქართველოში ჩამოსვლას. კარგი საშუალება იქნება შევაფასოთ პროგრესი ნატოს პარტნიორი ქვეყნის და ასევე ქვეყნის რომელიც მიისწრფვის ნატოს წევრობისკენ", -განმარტა ვერშბოუმ.
მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად.
,,ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე. მაქვს იმედი და ველოდები რომ მუშაობა დასრულდება და ცენტრი 2015 წლის ბოლოსთვის გაიხსნება, ჩატარდება წვრთნები როგორც ალიანსის წევრებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. საქართველოს აქვს ყველა საჭირო მექანიზმი რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის", _განაცხადა ვერშბოუმ.
ინტერვიუს სრული ვერსია „მოამბის" მთავარ გამოშვებაში 20:00 საათზე გავა.
შეგახსენებთ, რომ 29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შევედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს. ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე", - განაცხადა დავით კერესელიძემ.