"ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს, ჩვენი აზრით საქართველოში არ უნდა შემოდიოდეს"-, აღნიშნულის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.
როგორც ცნობილია დღეს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო. თუმცა როგორც ხელისუფლებამ განმარტა, ქართული მხარე შეეცდება, რომ ეროვნული ავიაკომპანია არ დაიჩაგროს და მისი უფლებების დაცვა მოხდეს. აღნიშნულ შეხვედრაზე რუსული და ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეებზე მიდის მოლაპარაკებები.
"დღეს გამართულ შეხვედრებზე საუბარი არ არის მხოლოდ აეროფლოტზე, საუბარია სხვა რუსულ კომპანიებზეც, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. როგორ ჩვენ ვიცით, "აეროფლოტს" 30 სექტემბერს ჰქონდა რეისი სოხუმში. ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს ჩვენი აზრით საქართველოში არ უნდა შემოდიოდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპებით მივუდგეთ ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერდით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანხმობა აქვთ გაცხადებული, რომ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის ისეთი ტიპის ავიაკომპანიებსაც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, საქართველოს ბაზარზე უშვებენ უპირობოდ. ამ მოლაპარაკებების წინ ქართველი მხარე უკვე არის ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ ეჭვი მეპარება რომ ისინი შეძლებენ საქართველოს ინტერესების დაცვას",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რომ გათვალისწინებულ იქნას ქართული ავიაკომპანიების და ამავდროულად მომხმარებელთა/მგზავრთა ინტერესები. შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის ძირითადი მოთხოვნა იქნება - ფრენის სიხშირეების გადანაწილება განხორციელდეს პარიტეტის საფუძველზე იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.