კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. ოსური პასპორტების დარიგებით, ერთი მხრივ, ფსევდოდამოუკიდებლობის დამყარებას და მეორე მხრივ, არასასურველი ელემენტებისგან გაწმენდას ცდილობს.
"ახალგორში სხვა ეთნოსის ჩასახლებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა კოკოითის რეჟიმისგან რაიონის ქართველებისგან გაწმენდა უნდა ველოდოთ. ვფიქრობ მოქალაქეებმა, რომლებიც იქ არიან დარჩენილი, კერძოდ ქართველებს ვგულისხმობ ე. წ. ოსური პასპორტები უნდა აიღონ, რომ ქართული ეთნოსის ფეხი რეგიონიდან საერთოდ არ ამოიკვეთოს. იმავეს ვურჩევდი აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრებლებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არეშიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებული რეგიონები ქართველებისგან არ დაიცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაძნელდება ამ რეგიონების მომავალზე ლაპარაკი.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთივე, მსგავსი პროცესი აფხაზების და ოსების მიმართაც მიდის. მართალია, მათ ეთნიკური ნიშნით არ ავიწროვებენ,მაგრამ ეკონომიკური გაჭირვების გამო ისინი რეგიონიდან, განსაკუთრებით კი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გადიან. ამის გათვალისწინებით კი, თუ ოსები, აფხაზები, ქართველები რეგიონში აღარ დარჩებიან სხვა ეთნიკური ჯგუფებს დასახლებენ, რომლებიც რუსეთზე მთილიანად იქნებიან ორიენტირებულები", - განაცხადა არეშიძემ.