ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ახალგორის რაიონში კაზაკების ჩასახლების თემის წამოწევა იმიტომ მოხდა, რომ ქართველ მოსახლეობას რეგიონი არ დაეტოვებინა.
"კოკოითისთვის რეგიონიდან ქართული მოსახლეობის სულ გასვლა ხელსაყრელი არაა, რადგან ეს აფხაზეთი არ არის, სადაც რუსების მასობრივი ლტლოვაა. ე. წ. სამხრეთ ოსეთში არც ისეთი კლიმატია, როგორც აფხაზეთში - არც ზღვა და არც მუქთა ციტრუსები. ამიტომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჩრდილო კავკასიელების ჩასახლება პროპაგანდისტული ნაბიჯია, რომ ქართველები რეგიონიდან არ წავიდნენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს სურს ევროპის წინაშე ახალი, ცივილიზებული ლიდერის სტატუსით წარსდგეს, ამის გათვალისწინებით კი, თუ ის ახალგორის რაიონიდან ქართველ მოსახლეობას გაყრის, ეთნიკურ წმენდაში ჩაითვლება, რაც მისი გეგმებში არ შედის.
"კოკოითს მოსვენებას არ აძლევს იმაზე ფიქრი, რომ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერის სერგეი ბაღაფშის და აფხაზეთის მიმართ ევროპას უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე კოკოითის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამიტომ ოს სეპარატისტთა ლიდერი ყველაფერში ბაღაფშს ეჯიბრება", - აღნიშნა მან.