ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების ე. წ. ოსური პასპორტებით ჩანაცვლება პრობლემებს რუსეთსაც შეუქმნის.
"ე. წ. ოსური პასპორტების დარიგებით კოკოითი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას ალტერნატივის წინაშე აყენებს. ისინი თუ უარს იტყვიან ე. წ. ოსურ პასპორტებზე, მაშინ მათ რეგიონში აღარ შეუშვებს. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების გამოცვლა 90%-ს მოუწევს. თვითონ კოკოითსაც ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს, მაგრამ ახლა ცდილობს ყველას დაანახოს, რომ ისინი დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არა რუსეთის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ე. წ. ოსური პასპორტები რუსეთსაც პრობლემებს შეუქმნის, რადგან კრემლს მომავალი პროვოკაციის დროს მთავარი ბერკეტი - რუსეთის მოქალაქეების დაცვა ხელიდან ეცლება.
"ცხინვალის რეგიონი არ არის აფხაზეთი, სადაც საცხოვრებლად რუსეთის ბომჟები და "ბრადიაგები" ჩადიან. ყველაფერი ეს კოკოითის მხრიდან დეკორაციული ნაბიჯებია. სეპარატისტთა ლიდერს სურს დამატკიცოს, რომ ის ცხინვალში ჩასულ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, აშშ და გაეროს წარმომადგენლებს ხვდება არა როგორც რუსეთის მოქალაქე, არამედ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე. წ. მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოსური პასპორტების გაცემის პროცესი 2011 წლის მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.