სოხუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბანანსა და ანანასს მოიყვანენ
ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტი სოხუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 2016 წლისთვის სპეციალური სათბურის გაკეთებას აპირებს, სადაც ეგზოტიკური მცენარეების სახეობებს მოიყვანს, მათ შორის ანანასს, ბანანს და კაკაოს ხეს.
როგორც ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი ედუარდ გუბაზი აცხადებს, ეს სახეობები ოკუპირებულ აფხაზეთში სასათბურე პირობებში ადრეც მოიყვანეს, მაგრამ 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს სათბური დაზიანდა, რამაც 800-მდე ტროპიკული სახეობის მცენარის დაღუპვა გამოიწვია.
გუბაზის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ბოტანიკის ინსტიტუტს მუდმივი კავშირი აქვს ევროპისა და აზიის ბევრ ბოტანიკურ ბაღთან და მათთან იშვითი მცენარეების ნერგების გაცვლას აწარმოებენ.
,,სათბურებში ტროპიკული ხილის მოყვანა აფხაზეთის საფერმერო მეურნეობას მრავალფეროვანი სახეობებით გაამდიდრებს და თავისი ეგზოტიკით ტურისტებსაც დააინტერესებს." - განაცხადა ედუარდ გუბაზმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ბოტანიკის ინსტიტუტი სოხუმის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე 1994 წლიდან არსებობს, სადაც ამჟამად კვლევები სამი მიმართულებით მიმდინარეობს, ესაა: ინტროდუქცია (მცენარის შეტანა ისეთ მხარეში, სადაც ამ მცენარისთვის უჩვეულო კლიმატური პირობებია), ყვავილების მოშენება და დენდროლოგია.
სოხუმის ბოტანიკური ბაღის ფლორა, დაახლოებით, 2000 სახეობის მცენარეს მოიცავს, აქედან 319 სახეობა კოლხიდის ენდემურ ჯიშს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ აფხაზეთში, აჭარასა და თურქეთის შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხარობს, 125 სახეობა კი ისეთ ჯიშს გაეკუთვნება, რომელიც აფხაზეთის გარდა სხვაგან არ გვხვდება.