ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ჩართვისთვის IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ემზადება. დღეს, ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ამოცანის მზადყოფნისათვის შეფასებითი წვრთნა ჩაატარა.
სიტუაციური სწავლების დასაწყისში 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსმა, მაიორმა კობა ჩანადირმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სიტუაციურ სწავლებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებაზე თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სიტუაციური სწავლება ორკვირიანი სპეციალური მომზადების დროს შესწავლილი უნარ-ჩვევების კომპლექსურად ჩვენებას ისახავდა მიზნად. წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და მრჩეველთა ჯგუფის (GLT), ასევე, ავღანური კულტურისა და ენის ინსტრუქტორების მხარდაჭერით ჩატარდა.
სწავლება ავღანეთის რეალურ გარემოსთან მიახლოებული, იმიტირებული სცენარის მიხედვით გაიმართა. პირადმა შემადგენლობამ ჩაატარა კომბინირებული ოპერაცია, რომელიც ბრძოლის წინა შემოწმებას, მოძრავ სტაციონალებზე თავდასხმას, წინწაწეულ ბაზა - ენგურზე არაპირდაპირი ცეცხლით თავდასხმას, მოტორიზირებულ პატრულსა და ცენტრალურ ბაზა - შუკვანზე კომბინირებულ თავდასხმებს გულისხმობდა. ასევე, ამბოხებულებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაშავებულებისათვის დახმარების აღმოჩენასა და ადგილობრივებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა. სწავლების დასკვნით ნაწილში კი, ოპერაციის დროს პირობითად დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სოფლის უხუცესებთან - მალიკებთან შურა გამართეს და მათ აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლებაში სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები - ჰამერები, ემრაპი, უპილოტო საფრენი საშუალებები და სამედიცინო ევაკუაციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.
სწავლების დასკვნით ნაწილში მინდია ჯანელიძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბატალიონის პირად შემადგენლობას მიესალმნენ.
სამშვიდობო მისიისათვის ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. პირადმა შემადგენლობამ მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" გაიარა. 43-ე ბატალიონი ამოცანებზე ორიენტირებული სავარჯიშოების შესასრულებლად გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ქართველი სამხედროების მომზადების დონეს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC) წარმომადგენლები ქართველ დამკვირვებელ-მაკონტროლებლებთან ერთად შეაფასებენ.