26 იანვარს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენა სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი" გაიხსნება.
მხატვრის წიგნი სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. პროექტი მომავალში ითვალისწინებს მხატვრის წიგნების სერიულ გამოშვებას. ამ სერიის პირველ წიგნად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" შეირჩა, რომელიც 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი.
,,ვეფხისტყაოსნის" მხატვრის წიგნად გარდაქმნაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართველმა ხელოვანებმა: გოგი ალექსი - მესხიშვილმა, მიშა გოგრიჭიანმა, თამაზ ვარვარიძემ, თამარ კვესიტაძემ, თამუნა მელიქიშვილმა, ოთარ მურაჩაშვილმა, ია მჭედლიშვილმა, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ცეცხლაძემ, რუსუდან ხიზანიშვილმა, უშანგი ხუმარაშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ და თემურ ჯავახიშვილმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თოთხმეტი მხატვრის ორასზე მეტი ნამუშევარი და მხატვრულად გაფორმებული ტექსტი. ავტორთა ინიციატივით ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმის კოლექციებში დაიდებს ბინას.
სინთეზური ხელოვნება - მხატვრის წიგნი „ვეფხისტყაოსანი" „ტაია ფილმს"-ის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სამომავლოდ დაგეგმილია ვეფხისტყაოსნის მხატვრის წიგნის ფორმატში გავრცელება და მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენების მოწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მასალის გამოყენების პირობები