მოსკოვში მცხოვრებმა 68 წლის ქართველმა ივანე შერვაშიძემ 2014 წლის 16 დეკემბერს თავი მოსკოვის ცენტრში მდებარე სასტუმრო ,,ნაციონალის" დერეფანში მოიკლა.
თვითმკვლელობის კადრები სასტუმროში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. კადრებზე ჩანს, როგორ მიმოდის დერეფანში შერვაშიძე თეთრი პარკით ხელში, რომელშიც სავარაუდოდ თვითმკვლელობის იარაღი, ,,ლუგერის" ფირმის ფისტოლეტი იდო.
პირადი ჩხრეკისას რუსმა სამართალდამცავებმა შერვაშიძეს ჯიბეში წერილი უპოვეს, სადაც ის მისი ცხედრის კრემაციას და ფერფლის შავ ზღვაში მიმობნევას ითხოვდა.
თვითმკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ მისმა რუსმა მეგობარმა სერგეი აკსიუტჩეკმა ივანე შერვაშიძის ნივთებში ორი ხატი და წერილი იპოვა.
აკსიუტჩეკის თქმით, სოკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, შერვაშიძემ მის ბინაში ღამე გაათია, დილით კი ადრიანად წავიდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ ღამით დატოვა შერვაშიძემ მეგობართან პატარა ჩანთა, სადაც ხატები და წერილი ინახებოდა.
წერილში წერია, რომ ხატები 90-ან წლებში, საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთიადნ იყო მოპარული, შერვაშიძემ ისინი გამოისყიდა და უნდოდა სოხუმში დაებრუნებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ, ამ სურვილის შესრულებას მეგობარს სთხოვდა.
სერგეი აკსიუტჩეკი მისი დანაბარების შესრულებას და უნიკალური ხატების აფხაზეთში ჩატანას აპირებს.
აფხაზი ღვთისმსახურის დავით სარსანიას თქმით, ერთ ხატზე წმინდა გიორგია გამოსახული, მეორეზე კი - მთავარანგელოზებს შორის მდგარი დადიანების გვარის ერთ-ერთი თავადი.
სარსანია ვარაუდობს, რომ ორივე ხატი თავის დროზე, შესაძლოა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება იყო და ომის დროს, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ძვირფასი ხატი, ესენიც იქიდან მოიპარეს.
ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ხატების წარმოამვლობა სავარაუდოდ მეთექვსმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებს უკავშირდება.
უფრო ზუსტ პასუხს ექსპერტიზის შედეგები გამოავლენს.
,,ორივე ხატი უძველესია და ძალიან საინტერესო. თანაც, ორივე კარგად არის შემონახული, პრაქტიკულად, არავითარი დაზიანება არა აქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ არამხოლოდ ისტორიულ ღირებულებას." - აცხადებენ ხელოვნებათმცოდენები.
რუსეთში მცხოვრები ქართველი ივანე შერვაშიძე წლების განმავლობაში მოსკოვში მუსიკალური ინსტრუმენტებითა და მოწყობილობებით ვაჭრობდა და საკუთარი ფირმაც ჰქონდა ჩამოყალიბებული.
ახლობელთა ვარაუდით, მისი თვითმკვლელობის მიზეზი ფინანსური პრობლემები და დაგროვილი ვალები იყო.