ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს ელჩს გერმანიში, ლადო ჭანტურიას წერილს უგზავნის, რომლის ტექსტსაც აფხაზური საინფორმაციო საშუალებებში ავრცელებენ.
წერილი ბერლინის ,,მწვანე კვირეულში" აფხაზური მხარის მონაწილეობას უკავშირდება, რაზეც საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ისინი გამოფენაზე ოფიციალურად არავის მიუწვევია და საკუთარი ინიციატივით, როგორც ინდივიდუალური პირები, ისე მომაწილეობდნენ.
,,თქვენო აღმატებულებავ!
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა-იარმარკაზე ჩვენი მონაწილეობის გამო თქვენს კომენტართან დაკავშირებით , გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ,,მწვანე კვირეულზე" მონაწილეობა გამოფენის ორგანიზატორის Messe Berlin GmbH - ის მოწვევით მიიღო, რომლისგანაც ინიციატივა წამოვიდა.
აფხაზეთის სტენდზე ჩვენი კურორტების, კულტურის, სამზარეულოს, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ამსახველი ფოტოები იყო გამოკრული.
დარწმუნებული ვართ, რომ ,,მწვანე კვირეულში" ჩვენი მონაწილეობა გერმანიის ბიზნესწრეებთან ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების განვითარების დასაწყისი იქნება.
მეგობრული და სავაჭრო კავშირების განვითარებამ არ შეიძლება უარყოფითი რეაქციები გამოიწვიოს, ვინაიდან ეს უბრალო მოქალაქების ცხოვრებას და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია თქვენი მტრული დამოკიდებულება ამ გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით და თქვენს მიერ ამ ფაქტის ნეგატიურ მოვლენად წარმოჩენა." - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 16-25 იანვარს ბერლინში ,,მწვანე კვირეულის" ეგიდით სურსათის, სოფლის მეურნეობის და მებაღეობის გამოფენა-გაყიდვა იმართება, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვასაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა.
,,მწვანე კვირეულზე" ქართულ დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს.
წელს პირველად, ბერლინის გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებიც ესწრებიან. აფხაზური სტენდი ,,მწვანე კვირეულზე" ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წარადგინა.
გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას ჩარევის შემდეგ, გამოფენის ორგანიზატორებმა ქართულ დელეგაციას ,,შექმნილი უხერხულბის" გამო ბოდიში მოუხადეს.
მასალის გამოყენების პირობები