14 აპრილს, 19:00 საათზე. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ძველი ქართული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების მინიატიურების, მულაჟებისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის ხელნაწერი საგალობლების გამოფენა.
გამოიფინება ლია სიხარულიძის, მარინა და ლიზი ჩქარეულების, თამარ გურაშვილისა და ნანული შუბითიძის ნამუშევრები - ისტორიული დოკუმენტების მულაჟები და მინიატურები: თამარ მეფისა და ერეკლე II-ის სიგელები; გიორგი II-ის 1072 წლის შეწირულობათა განახლების წიგნი შიო მღვიმის მონასტრისადმი (ეტრატი); 1123-1124 წლების დავით აღმაშენებლის ანდერძი შიო მღვიმისადმი (ეტრატი); პეტრე ბაგრატიონის ავტოგრაფი; სხვადასხვა სახარების, სამების ტაძარში დაბრძანებული დიდი სახარების მინიატურები; ‘'ვეფხისტყაოსნის'' 1966 წლის საიუბილეო გამოცემის ასლი (მხედრული) და სხვა.
ასევე პირველად გამოიფინება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული, ძმები კარბელაშვილებისა და რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერი საგალობლების უნიკალური ნიმუშები. ექვთიმე კერესელიძესა და ფილიმონ ქორიძესთან ერთად რაჟდენ ხუნდაძემ და ძმებმა კარბელაშვილებმა ჩაწერეს და გადაარჩინეს ქართული გალობა (ხუნდაძე - იმერულ-გურული კილო), კარბელაშვილები (ქართლ-კახური გალობა იგივე ‘'კარბელაანთ'' კილო).
ძმებმა კარბელაშვილებმა, სასულიერო პირებმა, ასევე დიდი როლი შეასრულეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, ქართული სულიერი კულტურის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის საქმეში.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცულია ათას ოთხასამდე ნოტირებული საგალობელი.