ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინსტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს შეხვედრაზე განიხილებოდა 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში გატარებული რეფორმები. შეხვედრაზე მონაწილეებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისა და ავღანეთში ნატო-ს ახალ, „ურყევი მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის.
მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.
შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.