ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა ბოლო პერიოდში უფრო ხშირად საუბრობს სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციასა და მისი ამოქმედების შანსებზე.
როგორც აფხაზი ჩინოვნიკები იუწყებიან, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ რუსულ ფირმასთან ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის ძალითაც აეროპორტის ინფრასტრუქტურის ნაწილი აფხაზურმა მხრემ, ნაწილი კი რუსულმა კომერციულმა ფირმამ უნდა გაარემონტოს.
სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასაც 2 წელიწადში გეგმავენ, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, ბესლან ბუთბა აცხადებს, რომ რუსული მხარე მოქმედებების დაწყებას არ ჩქარობს, რადგან მოსკოვში არ ესმით, რაში სჭირდებათ აფხაზებს აეროპორტი.
,,ჩვენი ქვეყანა ვერ შედგება, ბიზნესი ვერ განვითარდება და ვერც სერიოზულ ინვესტორებს მოვიზიდავთ, თუ აეროპორტი არ გავმართეთ. რაც მეტად გადავდებთ ამ საქმეს, მით მეტი დაგვიჯდება მისი აღდგენა.
საკითხს კიდევ უფრო ის ფაქტი ართულებს, რომ მოსკოვში არც ისე კარგად ესმით, რისთვის გვჭირდება ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი და კორპორატიულ თამაშებს გვეთამაშებიან.
სხვას კიდევ ის არ უნდა, რომ ჩვენ ფართო სარკინიგზო მიმოსვლით ვისარგებლოთ.
ერთი თვის წინ ,,რუსეთის რკინიგზისგან" მივიღე წინადადება, რომ სოხუმიდან ადლერამდე ელექტრომატარებელმა ,,ლასტოჩკამ" იმოძრაოს." - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ბესლან ბუთბამ.
მისი თქმით, მსგავსი წინადადებები აფხაზეთის მოქალაქეების ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან ინვესტორების მისაზიდად მათ ,,ლასტოჩკა" კი არა, აეროპორტი სჭირდებათ.
,,სოლიდური ბიზნესმენი ისეთ ქვეყანაში არ ჩავა, სადაც საზღვარზე გადასვლას ერთ საათს მოანდომებს და დედაქალაქამდე კიდევ საათნახევარი მგზავრობა მოუწევს.
ჩვენ გვჭირდება ეს ინფრასტუქტურა, პრეზიდენტს ესმის ეს საკითხი და მხარს მიჭერს. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ პროექტის განსახორციელებლად." - პირობა მისცა აფხაზებს ბუთბამ.